11520194998
top of page

ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, ანუ ქალაქში ტარების გამოცდაზე, გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატს მოეთხოვება უპასუხოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

გამომცდელის მითითების შესაბამისად, კანდიდატს შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალური ჩვენებით ან ზეპირად, თავისუფალი თხრობით.

გამოცდის დროს კანდიდატს დაევალება ორი დავალების შესრულება. თუ მძღოლობის კანდიდატი ვერ შეძლებს რომელიმე დავალების შესრულებას, ეს შეფასდება როგორც მსუბუქი შეცდომა.

B კატეგორია:

​1. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: ზეთის დონის შესამოწმებლად ცეცი ამოიღეთ, გაწმინდეთ და შემდეგ ისევ ჩადეთ ძრავში. განმეორებით ამოღებისას ზეთის კვალი უნდა იყოს მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის.

2. განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: სამუხრუჭო სითხის დონე უნდა იყოს რეზერვუარში მითითებულ მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს შორის.

3. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა

პასუხი: ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე;

4. განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა

პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული (ამოწეული) სადგომი მუხრუჭით ავტომობილი არ უნდა იძროდეს უკნიდან ხელის მიწოლის დროს.

5. განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ

პასუხი: საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იპოვოთ სატრანსპორტო საშუალების ინსტრუქციაში ან ავტომობილის ძარაზე სპეციალურ ფირნიშზე.

6. განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა

პასუხი: ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები. ისინი უნდა იყოს მექანიკურად დაუზიანებელი, ჰაერის წნევა უნდა იყოს ნორმაში და პროტექტორის ნახატის სიმაღლე არ უნდა იყოს 1.6 მმ-ზე ნაკლები.

7. განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა

პასუხი: დამუხრუჭების სიგნალები უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს უწყვეტ რეჟიმში.

8. განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა

პასუხი: ავტომობილის დაქოქვის, ანუ ძრავის ჩართვის შემდეგ საჭის ტრიალის ძალა უნდა შემცირდეს და ტრიალი უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების და ვიბრაციის გარეშე.

9. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს რეზერვუარში მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს შორის.

10. განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები უნდა ჩაირთოს ორივე მიმართულებით და ვიზუალურად შემოწმდეს მათი მუშაობა.

11. განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი;

12. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია

პასუხი: უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლის სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა;

13. განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე

პასუხი: მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონის შემოწმება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია;

14. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში

პასუხი: საბურავებში ჰაერის წნევა შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები. საბურავებში ჰაერის წნევა უნდა გაიზომოს მანომეტრით ან საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე.

15. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში

პასუხი: პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა შემოწმდეს სპეციალური თარგის ან სახაზავის გამოყენებით. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას;

16. აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე

პასუხი: ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი მდებარეობს ძრავის განყოფილებაში.

17. აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი

პასუხი: მინამრეცხის რეზერვუარი მდებარეობს ძრავის განყოფილებაში ან მის მახლობლად.

18. აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა

პასუხი: ავტომობილის ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, ხმოვანი სიგნალი უნდა ჩაირთოს ღილაკზე დაჭერით და მისი მუშაობა უნდა შემოწმდეს ხმის მიხედვით.​

19. აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე

პასუხი: ძრავში ზეთის დონე შემოწმდება ზეთის ცეცის სახელურის გამოყენებით.​

20. აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი

პასუხი: სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი მდებარეობს ძრავის განყოფილებაში ან მის მახლობლად.

BE კატეგორია:

1. განმარტოს, როგორ უნდა დაიტვირთოს და დამაგრდეს ტვირთი უსაფრთხოდ მისაბმელზე

პასუხი: ტვირთი თანაბრად უნდა განაწილდეს, მძიმე ტვირთი დაბლა განთავსდეს, რომ ის მაქსიმალურად იყოს განლაგებული ღერძ(ებ)ის ზემოდან. მსუბუქი ტვირთი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ დატვირთვა მისაბმელ მოწყობილობაზე არ აჭარბებდეს მწარმოებლის სპეციფიკაციას, ტვირთი სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებში და დასაშვებ წონაში უნდა დამაგრდეს ისე, რომ მოხვევის ან დამუხრუჭების დროს არ გადაადგილდეს ან გადავარდეს.​

2. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში

პასუხი: საბურავების პროტექტორის სიმაღლე მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით თარგით ან სახაზავით იზომება ყველაზე გაცვეთილ ადგილას. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, პროტექტორის სიმაღლე არ უნდა იყოს 1,6 მმ-ზე ნაკლები.​

3. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში

პასუხი: საბურავები ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს. ისინი უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციას და არ უნდა ჰქონდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის განშრევების, მექანიკური დაზიანების ან დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები.​

4. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს რეზერვუარში მინიმალურ და მაქსიმალურ ნიშნულებს შორის.​

5. განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა

პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული (ანუ ამოწეული) სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალება ხელის მიწოლით არ უნდა გაგორდეს.​

6. აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა

პასუხი: საჭიროების შემთხვევაში, ანთების გასაღები შესაბამის მდგომარეობაში უნდა გადაირთოს, რის შემდეგაც ხმოვანი სიგნალის ღილაკზე დაჭერით უნდა ჩავრთოთ თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის სიგნალი.

7. აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე

პასუხი: ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის (ანტიფრიზის) დონე მოწმდება გამაგრილებელი სითხის რეზერვუარში, რომელიც ძრავის განყოფილებაში მდებარეობს.

8. აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის კარი სანდოდ და უსაფრთხოდ დაკეტილი

პასუხი: უნდა შემოწმდეს ვიზუალურად, რომ ავტომობილისა და მისაბმელის ყველა კარი დაკეტილია და შიდა სანათები გამორთულია.

C და D კატეგორიები, ასევე C1 და D1 ქვეკატეგორიები:

1. განმარტოს, უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის დროს

პასუხი: ​ტვირთი ისე უნდა განაწილდეს სატრანსპორტო საშუალებაზე, რომ არ დაირღვეს მისი მართვის სტაბილურობა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია, რომ ტვირთი არ წარმოადგენდეს საფრთხეს სხვა მონაწილეებისთვის. დატვირთვა უნდა მოთავსდეს სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ზომებსა და წონით ლიმიტებში, და ასევე უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული, რათა თავიდან ავიცილოთ მისი გადაადგილება ან ჩამოვარდნა მოხვევის ან დამუხრუჭების დროს.​

2. განმარტოს, როგორ მოწმდება შუქამრეკლების გამართული მუშაობა

პასუხი: ყველა შუქამრეკლი უნდა იყოს გამართული, სუფთა და დაყენებული. არ უნდა იყოს დაზიანებული ან გატეხილი.​

3. განმარტოს, როგორ მოწმდება საქარე მინისა და ფანჯრების მდგომარეობა

პასუხი: საქარე მინა და ფანჯრები უნდა იყოს გამჭვირვალე, სუფთა და დეფექტების გარეშე. მათზე არ უნდა იყოს არაფერი, რაც მხედველობას შეზღუდავს.​

4. განმარტოს, როგორ მოწმდება საშხეფარების (ფრთები) გამართულობა სატრანსპორტო საშუალებაზე

პასუხი: საშხეფარების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს ვიზუალურად, რეგულარული დათვალიერების დროს.​

5. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში

პასუხი: ჰაერის წნევის შესამოწმებლად უნდა გამოიყენოთ მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი ხელსაწყოები, როგორიცაა მანომეტრი. საბურავების შემოწმება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ისინი ცივია.​

6. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში

პასუხი: პროტექტორის სიმაღლის გაზომვა უნდა მოხდეს სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით, მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით, ყველაზე გაცვეთილ ადგილას. მინიმალური დასაშვები სიმაღლე განსხვავდება სატრანსპორტო საშუალების ტიპის მიხედვით.​

7. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში

პასუხი: საბურავები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად, რათა დარწმუნდეთ, რომ არ არის დაზიანებული, გაცვეთილი ან ჰაერის წნევის ნაკლებობა.​

8. განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის მდგომარეობა

პასუხი: მინამრეცხი უნდა მუშაობდეს გამართულად და ჯაგრისები უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში.​

9. განმარტოს, როგორ მოწმდება ავტომობილის ძარის გამართულობა

პასუხი: ძარა უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, მნიშვნელოვანი დეფექტების გარეშე. დაუშვებელია დაუმაგრებელი ნაწილების არსებობა, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის სხვა მძღოლებს.​

10. განმარტოს, როგორ მოწმდება ჰაერის სათანდო წნევა სამუხრუჭე სისტემაში

პასუხი: ინსტრუმენტების დაფაზე უნდა შემოწმდეს ჰაერის წნევა, ასევე მაფრთხილებელი სიგნალები.​

11. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: ზეთის დონე უნდა შემოწმდეს სპეციალური საზომით, როდესაც ძრავა გამორთულია და ავტომობილი ჰორიზონტალურ ზედაპირზე დგას.​

12. განმარტოს, როგორ მოწმდება, რომ თვლების ქანჩები სათანადოდ არის მოჭერილი

პასუხი: თვლების ქანჩები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი საიმედოდ არის მოჭერილი.​

13. განმარტოს, როგორ მოწმდება სატრანსპორტო საშუალების დაკიდების სისტემის მდგომარეობა

პასუხი: დაკიდების სისტემა უნდა შემოწმდეს დაზიანების ან გაცვეთის ნიშნებზე.​

14. განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა

პასუხი: დამუხრუჭების სიგნალები უნდა მუშაობდეს გამართულად, მუხრუჭის პედლის დაჭერისას.​

15. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: სითხის დონე უნდა იყოს მინიმალურ და მაქსიმალურ ნიშნულებს შორის.​

16. განმარტოს, როგორ მოწმდება ფარების მწყობრში ყოფნა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა და ყველა გაბარიტული სინათლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი;

17. განმარტოს, როგორ გამოიყენებს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ამწე მექანიზმს (სატრანსპორტო საშუალების მიხედვით, მაგ: პანდუსი შშმ პირებისათვის ან ტვირთის ასაწევად)

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა უნდა ახსნას ამწე მექანიზმის უსაფრთხოდ გამოყენების პრინციპი.​

18. განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საჭის მართვა უნდა იყოს მარტივი და გლუვი, დამატებითი ძალისხმევის გარეშე.​

19. განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით. მოხვევის სიგნალები უნდა მუშაობდეს გამართულად, ორივე მხარეს.​

20. განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, სითხის დონე უნდა შემოწმდეს ინსტრუმენტების დაფაზე ან ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქციის მიხედვით.​​

21. განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვამდე

პასუხი: უნდა შემოწმდეს, რომ ყველა მაჩვენებელი და სიგნალი მუშაობს.​

22. განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა მაჩვენებელი უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვის შემდეგ

პასუხი: უნდა შემოწმდეს, რომ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა მაჩვენებელი მიუთითებდეს ავტომობილის გამართულობაზე.​

23. აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი

პასუხი: მინამრეცხის რეზერვუარი მდებარეობს ავტომობილის ძრავის განყოფილებაში, ჩვეულებრივ წინა მხარეს.

24. აჩვენოს, როგორ მოწმდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი, მათ შორის, სატვირთო განყოფილების კარი რომ არის დახურული

პასუხი:  მძღოლობის კანდიდატმა ყველა კარი უნდა დახუროს, მათ შორის სატვირთო განყოფილების კარის ჩამკეტი უნდა დააყენოს რეკომენდებულ უსაფრთხო პოზიციაზე.

25. აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა საჰაერო სისტემაში გაჟონვა

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეავსოს ჰაერის რეზერვუარები და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით შეამოწმოს ეცემა თუ არა ჰაერის წნევა, შემოუაროს სატრანსპორტო საშუალებას და ყურადღებით მოუსმინოს ნებისმიერ ხმას, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს ჰაერის გაჟონვაზე;

26. აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე

პასუხი: ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის (ანტიფრიზის) დონე მოწმდება გამაგრილებელი სითხის რეზერვუარში, რომელიც ძრავის განყოფილებაში მდებარეობს.

27. აჩვენოს, ტაქოგრაფში როგორ გამოცვლის მონაცემების აღრიცხვის მატარებელს (მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეძლოს ელექტრო-მექანიკურ (ანალოგური) ტაქოგრაფის პერსონალურ დიაგრამული დისკის − სააღრიცხვო ფურცლის შეცვლა. ელექტრონული (ციფრული) ტაქოგრაფის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა უნდა განმარტოს, როგორ ხორციელდება მისი გამოყენება)

პასუხი: ციფრული ტაქოგრაფიის სისტემაში სამუშაო ცვლის გასააქტიურებლად, მძღოლის საიდენტიფიკაციო ბარათი უნდა განთავსდეს შესაბამის ჭრილში. შემდგომ, ტაქოგრაფის ინტერფეისის სანავიგაციო მექანიზმის გამოყენებით, უნდა მოხდეს სამუშაოს საწყისი ადგილმდებარეობის (ქვეყნის) არჩევა სიიდან და არჩევანი უნდა დადასტურდეს "OK" ღილაკის დაჭერით. დასვენების რეჟიმი უნდა შეიცვალოს სამუშაოს შესაბამისი რეჟიმით, როგორიცაა აქტიური მუშაობა, ლოდინი ან სხვა. ამ პროცედურის შედეგად, სამუშაო დღე ტაქოგრაფში რეგისტრირდება როგორც დაწყებული. სამუშაო დროის ლიმიტის ამოწურვის ან დაგეგმილი სამუშაოს დასრულების შემდეგ, სამუშაო დღე უნდა დაიხუროს. ამისათვის, სატრანსპორტო საშუალება უნდა გაჩერდეს და ძრავა უნდა გამორთოთ, რაც ავტომატურად გადართავს ტაქოგრაფს დასვენების რეჟიმში. გარდა ამისა, ტაქოგრაფის მენიუში, ნავიგაციის ღილაკების გამოყენებით, უნდა აირჩიოთ სამუშაოს დასრულების ადგილმდებარეობა (ქვეყანა) და დაადასტუროთ არჩევანი "OK" ღილაკით. მრავალმძღოლიანი ეკიპაჟის შემთხვევაში, მეორე მძღოლის ბარათი უნდა განთავსდეს ტაქოგრაფის მეორე სლოტში;

28. აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე

პასუხი: ძრავში ზეთის დონე მოწმდება ზეთის დონის საზომით (ცეცის სახელური), რომელიც მდებარეობს ძრავის უბანში.

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდის სიმულაცია:

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდაზე რეგისტრაცია:

Martivi Teoria · მარტივი თეორია

ავტოსკოლა - მართვის მოწმობის თეორია

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok

+995 592 30 44 05

24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა

© 2025 by Martivi Teoria. All Rights Reserved

bottom of page